logo
ENG



"გასაყიდი უნდა გაიყიდოს" - გახარიას პარტია ბათუმში თანაგუნდელის წასვლაზე

29 ოქტ 202113:34
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრები ამბობენ, რომ ისინი ღირებულებების გარშემო გაერთიანდნენ და მატერიალური ფასეულობები არ აინტერესებთ. პარტიის წევრი, აკაკი გვიანიძე ბათუმის საკრებულოში ირაკლი თავდგირიძის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა.

"ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს და გუნდის წევრებს, არანაირი მატერიალური ფასეულობებით არ ვიჭერთ, ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო. ამიტომ, გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება ჩვენი გუნდი ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დადგება, მით უკეთესი.

ჩვენ ჩვენს პოზიციებს არ ვიცვლით და ვაგრძელებთ ბრძოლას ცვლილებებისთვის ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის. და რაც მთავარია, არც ოცნებასთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, რადგან ორივე ეს პარტია ცუდია!", - განაცხადა აკაკი გვიანიძემ.

ბათუმის საკრებულოს არჩეულმა წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ  პარტია საქართველოსთვის დატოვა. როგორც მან ფეისბუქზე დაწერა, მისთვის მიუღებელია ოპოზიციასთან კოალიციაში შესვლა.

უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად გახარიას პარტიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ბათუმის საკრებულოში ქართულ ოცნებას 16 მანდატი აქვს, ნაციონალურ მოძრაობას - 15, ხოლო ლელოს - 1. გახარიას პარტიიდან საკრებულოში 3 პირი შევიდა, თუმცა ირაკლი თავდგირიძის წასვლის შემდეგ მათ 2 მანდატი დარჩებათ. 


close დახურვა